ბიოგრაფია
შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი —ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.
1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატკოეში.[1][2]
შემოქმედება
„სიბრძნე სიცრუისა“ აღადგენს ქართული როზის დიდ ტრადიციებს, რომლებიც იმ ხანებში საკმაოდ დაქვეითებული იყო. ორბელიანმა ძველ ქართველ მწერალთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე. თხზულება თარგმნილია რუსულ (1878), ფრანგულ (1888), ინგლისურ (1895), გერმანულ (1933) და სხვა ენებზე.

ორბელიანმა წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში „სამოთხის კარი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგებათა კრებულს, ე. წ. „სწავლანს“, რომელიც მიუხედავად სასულიერო შინაარსისა, გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან „სიბრძნე სიცრუისა“. ორბელიან ეკუთვნის ჰიმნოგრაფიულითხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის მას სასულიერო მწერლობის ძეგლების, განსაკუთრებით ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ორბელიანმა ფაქტობრივად დაასრულა ვახტანგ VI-ის წამოწყებული საქმე და მოგვცა „ქილილა და დამანას“ საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული ქართული რედაქცია. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI-ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. ორბელიანის პოეტური თარგმანები გამოირჩევა მაღალი კულტურით და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.
No comments:
Post a Comment